მეუფე შიო: იმის ნაცვლად, რომ ადამიანი შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, უკეთესი ეჩვენოს – აი, ეს არის სიყალბე, რაც ღვთისთვის მიუღებელია
“ადამიანი იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია, აი, ეს არის სიყალბე, რაც ღვთისთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი და მან მორწმუნეებს ეს დღე მიულოცა.
„ეს დღე, როგორც ზეიმი დიდი მარხვის პირველი კვირის დასასრულს, დაწესდა ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხების აღსანიშნავად, მაგრამ ამ ზეიმში იგულისხმება ზოგადად ყველა მწვალებლობის, ერესის დამარცხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.
უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში. რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო. ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი?
ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი. მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა! რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში?
ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა.
ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“,- განაცხადა მეუფე შიომ.