ქართველ ქალთა საარაკო სილამაზე და ნიაზი მისრის ლექსი
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ნაწყვეტს თავისი წიგნიდან „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, სადაც ქართველი ქალის ღირსებებზეა ყურადღება გამახვილებული.
„ქართველმა მწერალმა და ისტორიკოსმა თამაზ ნატროშვილმა გერმანელი ავტორის ანდრეას გრიფიუსის შემოქმედების განხილვისას ერთ საყურადღებო მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით: – „რომანტიკული სულისკვეთებით შეპყრობილი ევროპელი ავტორები ჩვენი ქვეყნის თავზე დატეხილ უბედურებათა მიზეზად ზოგჯერ ქართველი ქალების სილამაზესაც მიიჩნევდნენ.
ასე მაგალითად, შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრება თითქოსდა გამოწვეული იყო სეფიანთა ხელმწიფის უიმედო სიყვარულით თეიმურაზ პირველის მეუღლისადმი, სახელად ხორეშანი რომ ერქვა და ირანში კი „ფერიას“ ეძახდნენ. ჩნდებოდა მომხიბლავი პარალელი მშვენიერ ელენესთან, ვის გამოც გაჩაღებულა ტროის ათწლიანი ომი.
გერმანელი მწერლის ანდრეას გრიფიუსის ტრაგედიაში „ქეთევან ქართველი“ კვლავ მიჯნურის როლში გვევლინება სეფიანთა ირანის ბრძენი და მუხანათი მბრძანებელი, ოღონდ ამჯერად მისი ტრფობის ობიექტს წარმოადგენს დატყვევებული ქეთევან დედოფალი. აქაც შაჰის უიმედო სიყვარული იწვევს შურისძიების წყურვილს, რომელიც ულმობელი განაჩენით მთავრდება – ვარდებისა და პოეტთა ქალაქ შირაზში აწამებენ წმინდანად ამაღლებულ ქართველ დედოფალს“.
შესაძლოა ანდრეას გრიფიუსი მართალაც ლეგენდის საბურველში ხვევს ქეთევანისადმი შაჰ-აბასის ტრფობის ამბავს, მაგრამ ეს უკანასკნელი ქართველი ქალებისადმი რომ გულგრილი არ იყო, ერთი ფაქტიც მეტყველებს, მის მრავალრიცხოვან ცოლთა შორის ოთხ ქართველს გამორჩეული ადგილი ეკავა. ისინი იყვნენ: ანდუყაფარ ამილახვრის და – თამარი, სიმონ მეფის და – ფახრიმჯან ბეგუმი, თეიმურაზ მეფის და – ელენე და ლუარსაბის და – ლელა. ის რომ გერმანელი ავტორი აღმოსავლეთის დიდ მმართველს ქართველი ქალისადმი გამიჯნურებულს წარმოგვიდგენს არც ესაა შემთხვევითი, იმდროინდელ აზიაში ჩვენებური ქალბატონების სილამაზე და სათნოება საქვეყნოდ იყო განთქმული.
XVIII საუკუნის ფრანგი ავტორი ნადირ-შაჰის ისტორიის აღწერისას წერდა: „რაც შეეხება ქალებს, ვის არ სმენია ქართველ ქალთა სილამაზის ქება. უკვე დიდი ხანია მათ ანიჭებენ უპირატესობას მთელი აზიის ქალების წინაშე“.
1853 წელს ჟენევაში ფრანგულ ენაზე გამოსული წიგნი „ოსმალური მუზა“ ქართველ ქალთა საარაკო სილამაზის თავისებური ჰიმნია. აქ შეტანილი თურქი პოეტის (1618-1694) ნიაზი მისრის ლექსი, რომელიც მწერალმა თამაზ ნატროშვილმა საუცხოოდ თარგმნა, კარგად გადმოსცემს ჩვენებური მანდილოსნებისადმი იმდროინდელ მსოფლიოში დამკვიდრებულ პატივისცემასა და მოწიწებას:
„ცოლს როცა ირთავ, შვილო ჩემო, აწონ-დაწონე,
კარგად დაფიქრდი, არჩევანი არ შეგეშალოს.
დაფიქრდი, რადგან ბედ-იღბალმა თუკი გიმტყუნა,
ენით უთქმელი მწუხარებით შეიბორკები.
ლამაზი სატრფო დათაფლული რომ გიცინოდა,
ცოლად ქცეული მწარე ცრემლებს დაგაღვრევინებს,
მაშ აირჩიე, შვილო ჩემო, სათნო ქალწული,
კეთილი გულით რომ მოგხიბლოს და დაგატყვევოს,
ჭირსა და ლხინში განუყრელად შენთან იქნება,
მუდამ დაგატკბობს, გაგახარებს უბიწო ტრფობით.
მაგრამ საცოლეს სად მონახავ ესოდენ სრულქმნილს?
აჰ, არ წახვიდე საძებნელად ჩრდილო ქვეყნებში
იქ ქალსაც, კაცსაც და ყმაწვილსაც ღალატი უყვარს.
თვალთმაქცობენ და მიილტვიან – ფეხქვეშ გაგვთელონ,
სამარადისოდ დააქციონ ტახტი ოსმალთა
არც ფრანგ ქალს გირჩევ, არც გერმანელს, და არც მადიარს,
ცბიერთა მოდგმამ სულ არ იცის ჩვენი ადათი
პატივს არ სცემენ ჩვენ მოციქულს – ჩვენს წმინდა მაჰმადს,
მათი გონება არ ნათდება სარწმუნოებით.
მშვენიერ ჩერქეზს, დამიჯერე ნუ ამოირჩევ,
ხმალ-ხანჯალს უფრო ეფერება, ვიდრე მეუღლეს,
სწყურია ცხენის ჭენება და ბრძოლის ყიჟინა,
დაიქანცები, მოგბეზრდება ალერსი მისი.
არაბს რა უშავს, მზად იქნება, რომ გემსახუროს,
ოღონდ გაგტანჯავს თავნება და თავქარიანი.
მოგაჯადოებს ზანგი ქალი მხურვალე ვნებით,
ჩაგეკონება უჩვეულო, ცხელსისხლიანი,
მაგრამ ვაითუ ვერ გაუძლო საშინელ სახეს,
რომელსაც თითქოს აურეკლავს ღამის წყვდიადი.
ბოლოს რაღა ვთქვა, რა გირჩიო, ვინ აგირჩიო…
ხომ გსურს იცხოვრო, შვილო ჩემო, მშვიდად და ტკბილად?
მაშ უყოყმანოდ აირჩიე სათნო ქართველი!
მთელს დუნიაზე ჭეშმარიტად ერთადერთია —
ცოლად, მეგობრად, მიჯნურად რომ გამოდგება.
ნუ დაიწუნებ უხეირო სამოსლის გამო,
სამაგიეროდ გულწრფელია, ნაზი ხალასი,
მაშ, შვილო, ჩემო აირჩიე ქალი ქართველი,
მასთან ცხოვრებით შენ იხილავ ყველაფერს იმას,
რასაც ალაჰი უწყალობებს უბრალო მოკვდავთ —
ამქვეყნიური ნეტარების მოსაპოვებლად“…
ფოტოზე: ანდრეას გრიფიუსის ნაწარმოების სატიტულო გვერდი და ქეთევან წამებულის გრავიურა, არჩილ გელოვანის კოლექციიდან, დანარჩენი ჩემს წიგნში: „ქართველები მსოფლიო ისტორიაში”, ტომი 11. გერმანია“, – წერს გიორგი კალანდია.