საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის 10 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ დაარეგისტრირა. მიზეზი ყრილობისას დაფიქსირებული ხარვეზია.
საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე უნდა განხილულიყო სწორედ ის საკითხები, რომლებიც წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) იყო დამტკიცებული. თუმცა, ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ის საკითხი, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგში არ იყო ჩაწერილი.
რეესტრის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„ყრილობაზე დამტკიცებული წესდების ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული მოქმედი კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების მოთხოვნათა დაცვით მიღებულ დოკუმენტად, რამდენადაც წესდების ცვლილება წარმოადგენს იმ საკითხს, რაც დღის წესრიგში არ შედიოდა და რისი განხილვის უფლებაც კრებას არ ჰქონდა“.
საჯარო რეესტრმა ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძესა და გამგეობას – ხარვეზის გამოსასწორებლად დრო მისცა.