გიორგი ხელაშვილი: არეულობა აწყობს ერთადერთ ძალას, ეს არის კრემლი და, სამწუხაროდ, ამ თამაშში ჩათრეულია ოპოზიციის ნაწილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დესტაბილიზაცია და არეულობა აწყობს რუსეთს და ამ თამაშში ოპოზიციის ნაწილია ჩათრეული.

“თუ გავიხსენებთ ბოლო თვეების ისტორიას, ოპოზიცია საუბრობდა უპრეცენდენტოდ გაყალბებულ არჩევნებზე, დღეს მათი ტონი შერბილებულია და საუბრობენ, რომ სრულად არ ასახავდა ხალხის პოზიციასა და დამოკიდებულებას ეს არჩევნები. ერთადერთი საფუძველი თავისი აზრით რჩებოდათ, რომ ახალი არჩევნები განმუხტავდა პოლიტიკურ ვითარებას. ეს პირველად ყოფილმა პრეზიდენტმა, მარგველაშვილმა თქვა, რომ არჩევნები კი არ გაყალბებულა, მაგრამ ახალი არჩევნები განმუხტავდა სიტუაციასო. დასავლეთსა და დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ გავხდეთ, კონსტიტუციას არავინ  უხვევს, რომ კრიზისი განიმუხტოს.

მე ვერ ვხედავ ვერც კონსტიტუციურ, ვერც პოლიტიკურ, ვერც მორალურ და ვერც სამართლებრივ საფუძველს, იმისათვის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ყველაზე მაღალი დონის რეფერენდუმი არის არჩევნები და ეს არჩევნები ჩატარდა.

დესტაბილიზაცია, არეულობა აწყობს ერთადერთ ძალას, ეს არის რუსეთი, ვლადიმერ პუტინი, კრემლი და, სამწუხაროდ, არ მინდა, ხელი შევუშალო მოლაპარაკებებს, მაგრამ ამ თამაშში ჩათრეულია ოპოზიციის ნაწილი”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები