„საგზაო პოლიტიკის მიმართულება სწორია, მაგრამ შემადგენელ კომპონენტებს ძირეული დამუშავება სჭირდება“ – მევლუდ მელაძე

“საგზაო პოლიტიკის მიმართულება სწორია, მაგრამ შემადგენელ კომპონენტებს ძირეული დამუშავება სჭირდება”, – ამის შესახებ “საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცეპრეზიდენტმა – მევლუდ მელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელაძემ ის ცვლილებები და სიახლეები შეაფასა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე პირველი მსჯელობები როგორც კი დაიწყო, თავიდანვე ვამბობდი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავიდან ბოლომდე მუნიციპალური უნდა ყოფილიყო და მუნიციპალიტეტს უნდა გაეკონტროლებინა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ხაზებს ერთმანეთთან კვეთა არ ჰქონდეს, ფასების ხელოვნური ზრდა არ მოხდეს და ა.შ. ამასთან, არის რამდენიმე “მაგრამ” – ერთი ისაა, რომ ამ მიმართულებას როგორც ბიზნესს რომ შევხედოთ, მაშინ კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს იმ დოზით, რომ მინიმუმ თავის თავის შენახვა მაინც შეეძლოს, მინიმუმ განახლებისთვის, ახალი ტრანსპორტის შეძენისთვის გარკვეული თანხის მოგროვება უნდა მოახერხოს. გავა რამდენიმე წელი, ეს ახალი ავტობუსები დაზიანდება, მათ ჩანაცვლება  ან შეკეთება დასჭრიდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკივნეულად ჟღერს, ვფიქრობ, ტარიფი პირდაპირ მიბმული უნდა იყოს ავტობუსების შემოსავლიანობასთან. ამ ბიზნესსაც თავიდანვე სჭირდება რაღაც ინვესტიციები იმისათვის, რომ დაიქოქოს. ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობ, სწორია ასეთი მიდგომა. იმისთვის, რომ სისტემა ამუშავდეს, გარკვეული რესურსის ჩადებაა საჭირო, რასაც ქალაქის მუნიციპალიტეტი აკეთებს კიდეც: ავტობუსების შეძენა მოხდა, თავიდან შესაძლოა – სუბსიდირებული იყოს მგზავრობის ღირებულება იმიტომ, რომ ის ღირებულება, რაც დღესაა დაანონსებული, 50 თეთრი, აშკარაა, რომ ტრანსპორტის შენახვას არ ეყოფა ამ. პირველი პერიოდში ეს სწორია, მაგრამ სამომავლოდ, ჩემი აზრით, ეს პირდაპირ უნდა იყოს მიბმული შემოსავლიანობასთან.
ცენტრალურ ქუჩებზე მიკროავტობუსების არგავლა სწორია. ერთია ის, რომ მიკროავტობუსები დამატებით საფრთხეს ქმნიან და მეორეც, ავტობუსების მომარაგება სწორედ მიკროვატობუსებით უნდა მოხერხდეს. თავიდანვე, როცა სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბარი დაიწყო, სწორედ ეს მიმართულება იყო, რასაც მე თავიდანვე ვემხრობოდი. ცენტრალური ქუჩები მინიმუმ სუფთა უნდა იყოს იმისაგან, რომ სხვადასხვა სახის ტრასპორტი მოძრაობდეს. ასევე, დახვეწილად უნდა გამოიყურებოდეს. თანამედროვე და ახალი ავტობუსები სწორედ ისაა, რაც ქალაქს უხდება“, – განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემაში კერძო სუბიექტებიც უნდა იყვნენ ჩართულები.

„მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური უნდა იყოს ტრანსპორტი და ამ სისტემას მუნიციპალიტეტი უნდა აკონტროლებდეს, კერძო სუბიექტებისთვის ფანჯარა უნდა იყოს დატოვებული. მაგალითად, არ არსებობს, რომ კერძო სტრუქტურებმა არ იპოვონ დარჩენილი ე.წ. ხაზი, რომელიც შევსებული არაა. თუ საჭიროება დადგება, შეიძლება, ამაში კერძო სუბიექტი ჩაერთოს: შეიძინოს მიკროავტობუსი, ფასი დააწესოს და ამუშაოს. ეს ამერიკული მოდელია, სადაც არ არის საზოგადოებრივი ტრასპორტი, იქ კერძო სუბიექტი ერთვება.

მინდა, პარკირების თემასაც შევეხო. მივდივართ ევროპული მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაც შეიძლება მეტად გამოყენება უნდა მოხდეს. ეს მოდელი ჯერ კიდევ მოსასინჯია. ავიღოთ თბილისური მოდელი: ბევრი მიდი-მოდი უწევთ ადამიანებს იმისათვის, რომ ოჯახები შეინახონ, ანუ კერძო ტრანსპორტზე მაქვს საუბარი. შესაბამისად, პარკირების შემცირება და ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მეტად გადავერთოთ, ამ თბილისურ მოდელს მაინცდამაინც არ ერგება. ჩემი აზრით, პარკირებების ადგილების შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ.

რომ შევაჯამოთ: სწორი მიმართულებით მივდივართ, საგზაო პოლიტიკის მიმართულება სწორია, მაგრამ შემადგენელ კომპონენტებს ძირეული დამუშავება სჭირდება იმისათვს, რომ ზუსტი პირამიდა მივიღოთ და არა რაღაცა ფორმის ნაგებობა“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად განახლების ვადად 2022 წლის დასაწყისს აანონსებს, 2023 წლიდან კი თბილისში მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელი სრულად ამოქმედდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

„იცით, რომ მეტროსა და ავტობუსს შორის გვაქვს უფასო გადაჯდომის 90-წუთიანი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ თუ გადაიხდი მეტროში ან ავტობუსში, 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდები, ახლა ამ სისტემაში ჩაერთო ასევე მიკროავტობუსიც. ეს კი ნიშნავს, რომ მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. მეორეც, ავტობუსში და მეტროში მოქმედებდა შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე და ეს რეჟიმი ასევე გადავა მიკროავტობუსებშიც.
გაჩნდა იმის პერსპექტივა და იმის მყარი ეკონომიკური პირობები, რომ მოგვეზიდა 90-მილიონიანი სესხი, რაზეც ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ბანკებსა და კომპანიებთან ერთად. ეს მოლაპარაკებები დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების პროექტის ტექნიკური ნაწილის დამუშავება და უახლოეს პერიოდში წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად. ამის ფარგლებში, კომპანია მოიზიდავს 90-მილიონიან ინვესტიციას, საიდანაც მოხდება ნაწილობრივ 300 ერთეული მიკაროავტობუსის მუნიციპალიტეტისგან გამოსყიდვა, ასევე, 400 ერთეულის დამატებით ყიდვა. კომპანიის მართვის სისტემა ამით მთლიანად შევცვალეთ. მუნიციპალიტეტი გახდა კომპანიის დამკვეთი, კომპანია გადავიყვანეთ ანაზღაურებაზე, ის დამოკიდებული აღარ არის ტარიფზე და არის ჩვენს მიერ დაქირავებული. ეს მოდელი არის ჩვენ მიერ დაქირავებული ფრანგული კომპანია “სისტრას“ დაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია დამოკიდებული არ იქნება მომხმარებლის მიერ გადახდილ ტარიფზე, მძღოლები გადადიან ხელფასის სისტემაზე და მათ ინტერესი არ ექნებათ, ნელა ატარონ მიკროავტობუსი, მგზავრებით გატენონ, მოახმარონ იაფიანი საწვავი, კონდიციონერი არ ჩართონ, გაზზე გადაიყვანონ და ა.შ“, – განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ ავტობუსებმა უნდა იარონ.
„ცენტრალური ქუჩებიდან ამოვიღეთ მიკროავტობუსების ქსელი და გადავიყვანეთ შიდა საუბნო დონეზე. ესენი გახდა ავტობუსებთან და მეტროსთან დამაკავშირებელი საშუალება. მიკროავტობუსები ივლიან მხოლოდ მოკლე მანძილებზე.
მიკროავტობუსების ტარიფის ზრდა დღის წესრიგში არ დგას, არც განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მეტროსა და ავტობუსთან მიკროავტობუსის სინქრონიზაცია და ინტეგრირება გადახდის სისტემაშიც. სწორედ აქედან გამომდინარე დადგინდა ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიაკროავტობუსების ფასი 50 თეთრის ოდენობით. ეს იყო ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ხმალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები