„უგალაკტიონობაა გალაკტიკაში! უგალაკტიონობა მოსალოცი არაა, მაგრამ გალაკტიონი რომ გვყავდა, იმ სივრცეებს გილოცავთ“!
17 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2021 წლის 17 მარტს 62 წელი სრულდება პოეტის გარდაცვალებიდან. ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარელა წოწორია წერს ფეისბუქგვერდზე.
„1959 წლის 17 მარტს ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან 67 წლის მამაკაცი გადმოხტა. მოგვიანებით, ექიმებმა სიკვდილის მიზეზად, ტრავმული შოკი დაასახელეს. მას ხალათის ჯიბეში პაპიროსი „რეკორდი”, სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს. მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გალაკტიონ ტაბიძე იყო…
2021 წლის 17 მარტს 62 წელი სრულდება მეფე-პოეტის გარდაცვალებიდან…
მე არ ვიცნობდი გალაკტიონ ტაბიძეს!
ამიტომ ხშირადაც არ ვხვდებოდი და მასთან არც საქმიანი დიალოგი მახსოვს და არც მხიარული საუბარი, როდესაც აწეულ ხასიათზე ბრძანდებოდა! ვერც სერიოზულ მონოლოგს ვიხსენებ, როცა საინტერესო ამბავს ყვებოდა.
ტელეფონითაც არასდროს გვისაუბრია, მობილურით მითუმეტეს! არც აღტაცებული მინახავს და არც გაბრაზებული. არ ვყოფილვარ მასთან სახლშიც, არც მწერალთა კავშირში შევხვედრივარ, არც სტამბაში და არც მარჯანიშვილის ქუჩაზე, თუმცა იქვე ცხოვრობდა, წიგნის სასახლის წინ… და ქუჩაში ხეტიალიც უყვარდა.
დიახ, მე არ ვიცნობდი მას … და ამიტომ არც უნდა შეგშურდეთ ჩემი, განსაკუთრებით – ჩემზე ახალგაზრდა ადამიანებო!
გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, მასთან გაშინაურება და მისი გაცნობა შეუძლებელიც იქნებოდა-მეთქი, თავს ასე ვინუგეშებ. თუმცა მისი თანამედროვე მაინც ვარ, მეც მის საუკუნეში დავიბადე, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ… ხომ გახსოვთ, ერთგან ასეც ჩაწერს:
– თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო!!! აკაკიმ დაასწრო ძამიკო, თორემ ეს გაფრთხილება გალაკტიონის პიროვნებას უფრო შეეფერება, და ამიტომაც დაესესხა და გაიმეორა.
სიყმაწვილიდანვე მარტო დარჩა. ყველგან და ყოველთვის მარტო იყო. ვეება მხრებით დაატარებდა საკუთარ მარტოობას და ისე გაუცხოვდა, თავისი ბუნებრივი ხმით არც კი გველაპარაკებოდა…და თუ რამეზე გული მეთანაღრება, ესაა გადასარჩენად გამოგონილი მისი თამაში, მისი გალაკტიონადა! უბრალოდ ჩაცმული – ყველასაგან გამოირჩეოდა, შიგნიდან ანათებდა და ამდიდრებდა გარემოს, და არა მარტო ფიზიკურად იდგა მთელი თავით მაღლა! ალბათ, უცაბედად შეატყობდით, სხვა კაცი იყო! აკი გვიბეჯითებდა: „მე სიზმრებს ვხედავ, არათქვენებურსო!”
როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს „სხვაგან“ იყო მისი მთავარი სავანე.
უმეგობროდ იცხოვრა. მას არ გააჩნდა პრაქტიკული ცხოვრების უმნიშვნელო უნარიც კი, უჭირდა სხვასთან დაკავშირება და დაახლოება, ეტყობა, პოეტურმა ტალანტმა ისე ამოწურა და მიისაკუთრა მთელი მისი ადამიანური შესაძლებლობა, რომ აღარ დაუტოვა კომპენსაციის არავითარი საშუალება.
თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აიღებდა ხელში და უსუსური ჩანდა, როგორც კი ქაღალდს გაშორდებოდა. ხშირად და სამართლიანად ამაყობდა საკუთარი შემოქმედებითი ნაყოფიერებითაც:
– ჩემ მიერ დაწერილია არა ასი, არა ორასი, არა ათასი, – არამედ შვიდი ათასი ლექსი და პოემა.
-15 000 ლექსი, 23 200 ლიტერატურული საღამო, 1 500 000 მსმენელი, 100 ქართული პერიოდული გამოცემა. ო, ეს მთელი ისტორიაა, და არა მხოლოდ ლამაზი სიტყვები!
სიცოცხლეში რვა ტომი გამოსცა. ბევრიც ტომებს გარეთ დარჩა – სრულიად გამოუქვეყნებელიც – ორი ტომი ლექსები და რვაათასსტრიქონიანი პოემა.
გაუჩნდა იდეა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი ჩანდა: სურდა ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოეცა ერთ წიგნად. სურდა, მაგრამ ვერ განახორციელა, რადგან პოეტმა, რომელსაც მაშინ პაციენტის სამოსი ეცვა, გამორჩეული ვარდისფერი გზა ირჩია, სარკმელიდან 13 მეტრი იფრინა და თავისი ადრინდელი ჩანაფიქრი შეისრულა: „მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა“.
მე არ ვიცნობდი გალაკტიონს ამ სიცოცხლეში, მას ბატონი ვახტანგ ჯავახაძე იცნობდა ძალიან კარგად, მე კი მისებურად აქცენტი გავაკეთე გალაკტიონის უცნობობაზე… უცნობები დავრჩით, მაგრამ მადლობელი ვარ ბატონი ვახტანგ ჯავახაძის, ბატონი აკაკი ხინთიბიძის, კიდევ სხვების და გალაკტიონის, რადგან 70 ათასი რითმა ვიკვლიე და ოდნავ და დისტანციურად მართლაც შევიცანი…
და ახლა, როცა „ქაოსში დაკარგულს, ქარი დამედევნება ძახილით: გალაკტიოოონ!” მეც შემიძლია თავისივე სტრიქონებით გავეხმაუროოო: რომ იგი, თვითონაც მძიმე ქვების ქუსლებით დაეყრდნობა პოლიუსს, როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება…ჰო, თუკი შეემუქრება!!!
გალაკტიონის სულისა და ლექსის სიმაღლის გამძლეობას გისურვებთ, რადგან მისი სტრიქონისა არ იყოს, „დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით“.
უგალაკტიონობაა გალაკტიკაში! უგალაკტიონობა მოსალოცი არაა, მაგრამ გალაკტიონი რომ გვყავდა, იმ სივრცეებს გილოცავთ“! – წერს თამარელა წოწორია.
ფოტო: ეროვნული არქივის კოლექციიდან.