გიორგი ვოლსკი – ბურჯანაძეზე: ქვეყნის ინტერესების მიმართ მავნებლობაა, როცა რუსეთის ისტებლიშმენტის მიმართ ნებისმიერ პოზიტიურ განცხადებას აკეთებ
“ქვეყნის ინტერესების მიმართ მავნებლობაა, როცა რუსეთის ისტებლიშმენტის მიმართ ნებისმიერ პოზიტიურ განცხადებას აკეთებ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნინო ბურჯანაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნინო ბურჯანაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, უარესიც უთქვამს.
„მთავარია შინაარსი, რომელიც დამაზიანებელია. საქართველოსთვის ძალიან მძიმეა იმ პოზიციის დაკავება, რასაც ბურჯანაძე გვთავაზობს. რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პუტინია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები სწორედ ის არის, რამაც განაპირობა საქართველოს ოკუპაცია. ეს სწორედ ისაა, რასაც თავის დროზე ბურჯანაძე უფრო აქტიურად უნდა დაპირისპირებოდა და რასაც დღეს არა თუ უპირისპირდება, არამედ მიგვანიშნებს, რომ რუსეთთან რაიმე კომპრომისი შესაძლებელია. ეს გამორიცხულია, რადგან თავად ბურჯანაძის პოლიტიკური ფიგურა არ განაპირობებს არანაირ წინაპირობას იმისათვის, რომ პუტინს მასთან ჰქონდეს მოლაპარაკებები, თუ ის წარმატებული იქნება ქართულ პოლიტიკაში. პუტინს თავისი მიზანი აქვს.
ქვეყნის ინტერესების მიმართ მავნებლობაა, როცა რუსეთის ისტებლიშმენტის მიმართ ნებისმიერ პოზიტიურ განცხადებას აკეთებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.