სერგეი შამბა: საქართველოსთან ომის საფრთხე უკანა პლანზე გადავიდა, ამაზე საერთოდ არავინ არ ფიქრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთი ე.წ. რესპუბლიკად მსოფლიომ აღიაროს და ამისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც მან ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, “ეს რთული პროცესია და ცხადია, რომ აქ არა ვითარების ან სამართლებრივი საფუძვლების ობიექტური შეფასებაა, არამედ ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესებია”.

“თუ ვისაუბრეთ ჩვენს ინტერესებზე, ის ურთიერთობები, რომლებიც რუსეთთან გვაქვს, გვაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საკითხი მოვაგვაროთ, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას.

თუ ეკონომიკაზე ვისაუბრებთ – ეს უდიდესი რუსული ბაზარია და მსოფლიოს ბაზარი არ გვჭირდება, რომ გვქონდეს კონკურენტიანი საქონელი და მას რუსულ ბაზარზე გავიტანდით, ყველა ჩვენს საჭიროებებს დავაკმაყოფილებდით. ტურისტები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდიან – ყველა მათგანის მიღებასაც ვერ ვახერხებთ. უსაფრთხოებაზე თუ ვისაუბრებთ, თუ გახსოვთ, ოდესღაც ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოდან მომდინარეობდა და იძულებულნი ვიყავით, სახელმწიფო მოხელეები საზღვრების დასაცავად გაგვეშვა. ახლა კი საქართველოსთან ომის საფრთხე უკანა პლანზე გადავიდა, ამაზე საერთოდ არავინ არ ფიქრობს. გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან კავშირი. ვერცერთი პატარა სახელმწიფო ვერ დაიცავს თავს, თუ სწორ კავშირებს არ დაამყარებს. ამ მხრივ ამის გაკეთება შევძელით”, – თქვა შამბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები