ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-ს ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ კუთხით ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით, რაც შეიძლება სწორად უნდა გადაიდგას.
დოლიძის თქმით, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის გადახედვა და ამ პროცესში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული.
„ჩვენ გვინდა, მაქსიმალური პროგრესი გვქონდეს ამ პროცესიდან. წელს, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ნატო-ს სამიტები უმაღლეს დონეზე და აქედან გამომდინარე გვინდა, ამ დოკუმენტში აისახოს მაქსიმალურად საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ – გაფართოების პროცესის მნიშვნელობა და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას.
ნატო-ში საქართველოს ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი არის ზოგადად მნიშვნელოვანი პროცესი და თავის წვლილს შეიტანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში.
დოლიძის განცხადებით, ავღანეთსა და ზოგადად ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს წვლილი არის ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი.