თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის ნანატრი პროცესი იწყება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაცია ჯამში 89 რაიონში განხორციელდება.

„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. პირველი პარტია საქართველოს რეგიონებში უკვე განაწილებულია. სახელმწიფო გეგმაში გაწერილია ყველა სცენარი იმის მიხედვით, თუ რომელი ვაქცინა შემოვა. ამ ვაქცინისთვის თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი, ეს არის ძირითადად წამყვანი კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკა, ასევე ვაქცინა უკვე მიტანილია 29 რეგიონულ ცენტრსა და რაიონში, ხვალიდან აცრა დაიწყება არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში. ამის შემდეგ განხორციელდება ვაქცინის დოზების შემდგომი გადანაწილება და ოთხშაბათს ვაქცინაცია დაიწყება პრაქტიკულად ყველა რაიონში, რათა მოსახლეობას არ მოუწიოს რეგიონულ ცენტრებში მისვლა. გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია განხორციელდება 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველგან. ხომ იცით, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო სასურველია. თავიდან, როცა ვაქცინა არ იყო ხელმისაწვდომი, ყველას უნდოდა და ყველა საყვედურობდა მთავრობას, რომ აქამდე ვაქცინა არ იყო, როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრივ არის მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ, რამდენად სანდო იქნება და შემდეგ აიცრან. ასეთი ექიმების პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ რაოდენობა დიდი არ არის, საბედნიეროდ, ეს არის ნახევარზე ნაკლები. ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ექიმების ნახევარზე მეტი მზად არის, ყოველგვარი აგიტაციის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აიცრან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები