მეუფე სტეფანე: არ გავურბივარ არც პრესას, არც ტელევიზიას, ხმამაღლა ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც მინდა, რომ ვთქვა, რაც არ მინდა, ვერავინ მათქმევინებს
ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა 8 მარტს ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე და “მასში მონაწილე სასულიერო პირებს, მედიას და მრევლს” სინანულისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ის მედიას არ გაურბის.
“არ გავურბივარ არც პრესას, არც ტელევიზიას. აგერ, ხმამაღლა ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც მინდა, რომ ვთქვა. რაც არ მინდა, ვერავინ მათქმევინებს. პროვოკაციას მიწყობთ. თუ ეს თქვენი ცხოვრების ნაწილია, არ ვიცი, რამდენად იქნება თქვენი სულისთვის სასარგებლო პროვოკაციების მოწყობა. ეცადეთ, რომ სულისთვის იზრუნოთ და არა ვიღაცების დაკვეთა შეასრულოთ. სულ მეკითხებით რა გეგმები მაქვს – გეგმები მაქვს წირვები და ლოცვები”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მისივე თქმით, ის მარხვის პერიოდს მდუმარებაში გაატარებს, ხოლო გეგმებთან დაკავშირებით ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას, სადაც ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
ცნობისთვის, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა მეუფის რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.