ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ ყველანი გარკვეულ კომპრომისზე წავალთ, შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს
“გაჩნდა შანსი – თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისზე წავალთ შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეულ საკითხზე დეტალური შეთანხმება მიმდინარეობს.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე მიმდინარეობს დეტალურად შეთანხმება. დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მომიმატა. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მოლაპარაკება და ხვალისათვის რაღაც შედეგი უნდა გვქონდეს. კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს ყველას, თუ გვინდა, რომ შეთანხება შედგეს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაცა საკითხები, რაც რომელიმე მხარისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.