გიორგი ვოლსკი: ტელევიზია გამოძიებასთან თუ თანამშრომლობს, შეჭრაზე საუბარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოცაა
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ტელევიზია გამოძიებასთან თუ თანამშრომლობს, შეჭრაზე საუბარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოცაა.
ასე გამოეხმაურა ვოლსკი „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ საკითხს.
„სასამართლოდან შაბლონური ტექსტის მიღება ჩვეულებრივი ამბავია და არავის უნდა გაუკვირდეს. როცა საქმე მასალების მოპოვებას ეხება, რასაკვირველია, სასამართლო არ ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებას ან პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ტელევიზია გამოძიებასთან თუ თანამშრომლობს, შეჭრაზე საუბარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოცაა, რადგან გვახსენებს, რომ სააკაშვილის პერიოდში მედიათავისუფლების ინდექსით, ქვეყანა 104-ე ადგილზე იყო და 31 პუნქტით ჩამორჩებოდა შევარდნაძის პერიოდის ინდექსს. მედიათავისუფლებას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიომასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.