„კრემლი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს, აფხაზები რუსული ურჩხულის წინაშე მარტონი აღმოჩნდნენ“ – ჯემალ გამახარია

“ოკუპირებულ აფხაზეთში ორივე მხარეს: რადიკალურ, ე.წ. ოპოზიციას და დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას კრემლი მართავს. მიტინგები, ე.წ. პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნა დე ფაქტო ხელისუფლებისადმი გაფრთხილებაა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

გამახარია ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლი დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს.

„აფხაზეთის თემატიკა ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ყურადღება გასაკუთრებით მიიპყრო. რაც იქ ხდება, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აქციები რომ მზადდებოდა, ეს ჯერ კიდევ ზაფხულში ჩანდა. ძალიან აქტიურ საპროტესტო გამოსვლებს შემოდგომაზე ველოდებოდით, მაგრამ კორონავირუსის გამო ამან ცოტა გადაიწია. რაც უნდა მომხდარიყო შემოდგომაზე, დღეს ხდება. ამას თავისი საბაბი აქვს. მიზეზებზე ბოლოს ვილაპარაკებ. საბაბად გამოყენებული იქნა ის ფაქტი, რომ თებერვლის ბოლოს თბილისში ფხაზი ბიზნესმენი კვირაია იყო ჩამოსული. მისი ახლო მეგობარია სოხუმელი დავით კვარაცხელია, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარიცაა. კვარაცხელია ცხოვრობს ბულგარეთში, სპორტსმენია. 3-4 წლის წინ ავტორალიში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის მოქალაქეა, საქართველოს სახელით გამოვიდა. მის მანქანაზე „სოხუმი საქართველოა“ ეწერა. კვარაცხელია და კვირაია ახლო მეგობრები ყოფილან. ორივე აფხაზეთში ომობდა, კვირაია აფხაზების მხარეს, მიუხედავად ამისა, მეგობრობა შეინარჩუნეს. თქვენ ყველას ნანახი გაქვთ ერთერთ სუფრასთან გადაღებული ვიდეო, სადაც კვირაია თავისი ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს წარმოთქვამს, რომლის სახელიც სოფელ ტამიშში პარკს უნდა დაარქვას. როცა კვირაიას ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, აფხაზეთში ვაი-უშველებელი ატყდა. მე გამახსენდა ჩვენი პოლიტიკოსების ჩასვლა ილორში. მაგრამ ახლა გაცილებით მეტი ხმაური მოჰყვა ამას, რომელიც დღემდე გრძელდება. კვირაია თბილისში მარტო არ გახლდათ. აფხაზეთში ძალიან აგრესიული მიტინგები დაწყო. ეს ადამიანები მოღალატეებად გამოაცხადეს. დე ფაქტო პარლამენტში დაიწყო მოსმენები. ყველა, ვისაც არ ეზარება, განცხადებებს აკეთებს. გუშინწინ დე ფაქტო პრეზიდენტი, ბჟანია დე ფაქტო პარლამენტში იყო მიწვეული. მას ერთერთი შეკითხვა კვირაის ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს. ბჟანიამ თქვა, არცერთ კანონში არ გვიწერია, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლებაო. სტატისტიკა წარმოადგინა იმის შესახებ, თუ რამდენი ათასი აფხაზია ჩამოსული ენგურს აქეთ“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, მეორე საკითხი, რაც აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების მიზეზი გახდა  „საგარეო ურთიერთობის კონცეფციაა“, სადაც „საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის“ შესახებაცაა საუბარი.

„მეორე საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალურია, გახლავთ ე.წ. საგარეო ურთიერთობის კონცეფცია, რომელიც ბჟანიამ გასული წლის 4 დეკემბერს დაამტკიცა. მასში საქართველოსთან ურთიერთობების საკითხისადმი სპეციალური თავია მიძღვნილი. იქ წერია, რომ აფხაზური მხარე „საქართველოსთან მრავალდონიან მოლაპარაკებებს“ უჭერს მხარს. ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, ადამიანებმა ყველა დონეზე იურთიერთონ. ეს ყოველგვარი კონცეფციის გარეშე ყოველთვის ხდებოდა. ყოველთვის იყო ასეთი შეხვედრები. აქ ახალი არაფერია. მათ ე.წ. კონცეფციაში ჩაწერეს ის, რაც რელურად ხდება. ამ ყველაფერს მოჰყვა მთელი აურზაური, რაც ახლა იქაა ატეხილი. ამის კულმინაციად ახრა ავიძბას დაპატიმრება იქცა. იცით, რომ ის ხაჯიმბას დამხობის ერთერთი აქტიური მონაწილე გახლავთ. ის სულ დონეკსა და აფხაზეთს შორის დადის. ამჟერად, თავის თანამებროლებთან ერთად ჩამოვიდა. მას 5 შეიარაღებული პირი ახლდა. მიმდინარეობს გამოძიება. ავიძბას ბრალდება „ სახელმწიფო გადატრიალების“ მომზადებაა. გუშინ ოპოზიციური ორგანიზაციის, „არუაას“ მეცხრე ყრილობა ჩატარდა. ამ ყრილობამდე ახრა ავიძბას უნდა მოეხდინა გადატრიალება, აეღო სამთავრობო შენობები, შემდეგ ეს ყრილობა ხელისუფლებას ჩაიბარებდა.
ჩვენთვის ასევე საინტრესოა რეზოლუცია, რომელიც ამ  ყრილობაზე მიიღეს. იქ ყველა ოპოზიციონერი იმყოფებოდა. რეზოლუციაში ორი მთავარი მუხლია: ისინი მოითხოვენ, რომ ე.წ. საგარეო კონცეფციიდან „მრავალდონიანი მოლაპარაკებების“ შესახებ ტექსტი ამოღებული იყოს. მეორე მოთხოვნაა ბჟანიას გადაყენება“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზები რუსული ურჩხულის, იმპერიალიზმის წინაშე აღმოჩნდნენ.

„ეს არის ფაქტები, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება. საზოგადოებაში ძალიან მწვავე დაპირისპირება და განხეთქილებაა. ჩვენ ფაქტებს იმიტომ გიყვებით, რომ აქედან გარკვეული დასკვნები და ანალიზი გაკეთდეს. რასთან გვაქვს საქმე, რითაა ეს ყოველივე გამოწვეული? უნდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის 12 ნოემბერს აფხაზური საზოგადოებსითვის სრულიად მოულოდნელად და ფარულად ბჟანიამ და ანქვაბმა ხელი მოაწერეს პროგრამას, რომელსაც „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროგრამა“ ჰქვია. მოკლედ ვიტყვი, რომ ესაა პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი ოკუპირებული აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია – აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევაა. ეს დოკუმენტი არცერთ აფხაზს არ უნდა, მაგრამ იმდენად დაშინებულები არიან, ხმას მაინცდამაინც არ იღებენ. მთელი ყურადღება გადატანილია კვირაიასა და  „საგარეო კონცეფციაზე“, რომელიც ცარიელი ქაღალდია. ჩემთვის დანამდვილებით არის ცნობილი, რომ არცერთ აფხაზს, მათ შორის, ამ პროგრამაზე ხელმომწერებს ეს დოკუმენტი არ მოსწონთ და არ უნდათ. ორივე მხარეს: რადიკალურ ოპოზიციასაც და ბჟანიასაც კრემლი მართავს. ეს მიტინგები, გამოსვლები, გადაყენების მოთხოვნა, მოსკოვიდან დე ფაქტო ხელისუფელებისადმი გაფრთხილებაა – თუ იმ პროგრამას არ შეასრულებთ, გადაყენების მოთხოვნა უკვე დაყენებულიაო. ესაა კრემლის მხრიდან დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლა.
მახსენდება იაკობ გოგებაშვილი. ის აფხაზეთით ძალიან დაინტერესებული იყო. XX საუკუნის დასაწყისში ასეთი გამონათქვამი აქვს – „აფხაზებს გაქრობა ემუქრებათ, თუ პოლიტიკანებმა გააცალკევეს, გაიმარტოვეს, მოსწყვიტეს საქართველოს“. აი, დღეს ეს დრო დადგა. აფხაზეთი მოსწყვიტეს საქართველოს. რუსეთმა ის გაიმარტოვა. ახლა დადგა ჟამი იმისა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის მიერ ანექსირებული იქნას. აფხაზი პირველად აღმოჩნდა რუსული ურჩხულის, იმპერიალიზმის წინაშე. ადრე ის საქართველოს მეშვეობით ურთიერთობდა რუსეთთან და ამან გადაარჩინა. დღეს კი უშუალოდ, პირისპირ დარჩა რუსეთთან. აფხაზების ერთი ნაწილი ცდილობს, რუსის გული მოიგოს, მეორე ნაწილი ცდილობს – საქართველოსთან რაღაც ურთიერთობა დაამყაროს. ასეთ მძიმე ვითარებაში არიან. რუსი ამას შესანიშნავად იყენებს“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზებმა და ქართველებმა მოლაპრაკებები უნდა დაიწყონ.

„გადავიდეთ თბილისზე. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? მე, პირადად, ძალინ მწყინს ის ყველაფერი, რაც იქ ხდება. დღეს აფხაზებს განსაცდელის ჟამი უდგათ. ეს არანაკლებ მძიმე პერიოდია, ვიდრე  მუჰაჯირობის პერიოდი იყო. მაშინ აფხაზებს ქართველები ექომაგებოდნენ, ეხმარებოდნენ. დღეს ისინი მარტონი არიან დარჩენილი ამ დიდი ურჩხულის, იმპერიის წინაშე. ვფიქრობ, დღეს პირველად ქართველებსა და აფხაზებს ობიექტურად გაუჩნდათ საერთო ინტერესი, ესაა აფხაზეთის გადარჩენა რუსული ანექსიისგან. დღეს ყველა წინაპირობაა იმისათვის შექმნილი, რომ მართლაც დაიწყოს ის მრავალდონიანი მოლაპარაკებები. აფხაზებმა და ქართველებმა უნდა დაიწყონ შეხვედრები, მოლაპარაკებები. მათ უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ აფხაზეთი რუსული ანექსიისგან გადარჩეს. საჭიროა არასამთავრობო საზოგადოების, ბიზნესსექტორის აქტიურობა. ისინი ძალიან მოწადინებული არიან, რომ ქართველებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურიერთობა ჰქონდეთ“, – განაცხადა გამახარიამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია – “არუაა” დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ე.წ. თანამდებობის დატოვებას ნებაყოფლობით ურჩევს, დე ფაქტო პარლამენტს კი ახალი ე.წ. არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის ე.წ. თავმჯდომარის, თემურ გულიას თქმით, აუცილებელია “სახელმწიფო გადატრიალებების” სერიის შეჩერება, ამისთვის კი ბჟანიამ ე.წ.თანამდებობა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს.
მისივე თქმით, “საქართველოსთან ეკონომიური ურთიერთქმედება დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დასრულდება იმით, რომ აფხაზეთში ოფიციალური თბილისის პოლიტიკა გავრცელდება”.
გუშინ “არუაას” მეცხრე ყრილობა გაიმართა, რომლის პარალელურად, ბჟანიას 200-მდე მომხრე ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა.
“მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც დღეს ქვეყნის მოქმედი მთავრობის ტაქტიკურ და სწორ ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შევძლებთ. ჩვენი კურსი უცვლელია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, ვიცავთ და წინ ვწევთ აფხაზეთისა და მისი ხალხის ინტერესებს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში”, – განაცხდა ბჟანიამ.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები