ირაკლი ღარიბაშვილი: დანიელსონი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება

“დანიელსონი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი.

„შარლ მიშელის ჩართულობა სისტემატური არ არის სხვა ქვეყნებთან მიმართებით და ჩვენი ქვეყნის მიმართ მისი ჩართულობა ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. ეს არის ნდობის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს და ასეთივე პათოსით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს.

კიდევ ერთხელ მინდა, სრული მზაობა დავაფიქსირო ჩვენი გუნდის, პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის, ოპოზიციასთან შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში.

დანიელსონი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგისა და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები