საქართველოსთან კონტაქტების დამყარების მცდელობისთვის, ბჟანიას ნებაყოფლობით გადადგომას ურჩევენ – სოხუმში “არუაას” ყრილობა მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ე.წ. თანამდებობის დატოვებას ნებაყოფლობით ურჩევს, დე ფაქტო პარლამენტს კი ახალი ე.წ. არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის ე.წ. თავმჯდომარის, თემურ გულიას თქმით, აუცილებელია “სახელმწიფო გადატრიალებების” სერიის შეჩერება, ამისთვის კი ბჟანიამ ე.წ.თანამდებობა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს.

მისივე თქმით, “საქართველოსთან ეკონომიური ურთიერთქმედება დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დასრულდება იმით, რომ აფხაზეთში ოფიციალური თბილისის პოლიტიკა გავრცელდება”.

გულიას თქმით, “ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყენაში ეპიდვითარება გაუარესდა”.

მან “საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებაც” გააკრიტიკა, რადგან, მისი აზრით, ამჟამინდელ ვითარებაში “საქართველოსთან ურთიერთობა დაუშვებელია”.

თემურ გულია ასევე ბჟანიას მოწამვლის საკითხს შეეხო და თქვა, რომ “თუ მას ამის გამოძიება არ სურს, ესე იგი, მოწამვლაც არ ყოფილა”.

“არუაას” ე.წ.თავმჯდომარემ ასევე ე.წ.რესპუბლიკაში “პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლაც გაიხსენა.

სოხუმში “არუაას”მეცხრე ყრილობა ტარდება, რომელსაც 700-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

ამის პარალელურად, ამ წუთებში სოხუმში ე.წ.პარლამენტის შენობასთან ბჟანიას მომხრეები იკრიბებიან.

მედია წერს, რომ შენობასთან ე.წ.ძალოვანები არიან მობილიზებულნი, ასევე, 200-მდე ადამიანი იმყოფება. ისინი განცხადებებს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ე.წ.ხელისუფლებას უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები