გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი ჩვილი დედას ხელში ეკავა, რა დროსაც მამაკაცმა ქალს შეშის ღუმელი ესროლა – რას ყვებიან ადგილობრივები
გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაკავებული მამაკაციც და ქალიც მეორე ქორწინებაში იმყოფებიან.
ერთ-ერთი მცხოვრების განმარტებით, მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა, გონება ებინდებოდა, ცოლს კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. „როცა სვამდა, გონება ებინდებოდა. ალბათ, ახლაც ნასვამი იყო, სხვანაირად არ იზამდა. დედას ბავშვი ეკავა ხელში და კაცს შეშის ღუმელი უსვრია“, – თქვა მეზობელმა.
„ალბათ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ბავშვს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც გაუკეთდა. კაცს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები. ის ცოლის განცხადების საფუძველზე დააკავეს“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.
ცნობისთვის, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, რა დროსაც 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა, 37 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.