გიგი უგულავა: ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე
“ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უგულავა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მორიგი რაუნდები წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე, პირიქით. ამიტომ, გვინდა, მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს, რადგან ჩვენ განვიხილავთ შარლ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმას ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილების გეგმად“, – განაცხადა გიგი უგულავამ.