სოზარ სუბარი: სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში
“სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
სუბარის თქმით, ჯობს, სახალხო დამცველი პოლიტიკური განცხადებების კეთებას შეეშვას.
„სახალხო დამცველი თუ თვლის, რომ საქმეში არსებობს რაღაც მტკიცებულებები, ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება და ძალიან კარგია, სასამართლოს თუ მიმართა, ოღონდ ჯობს, პოლიტიკური განცხადებების კეთებას შეეშვას, რადგან ეს სახალხო დამცველის მანდატი არ არის, მით უმეტეს, არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება, არსებობდეს, რომ ეს საქმე არჩევნებთან არის დაკავშირებული. ეს არის საქმე, რომელიც 2005 წლიდან მოდის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ტკივილია. სახალხო დამცველის ხედვები რატომღაც ყოველთვის ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან არის ხოლმე თანხვედრაში. ეს ძალიან გასაკვირი და მტკივნეულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც, საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.