ნათია თურნავა: ვეცდებით, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ,,ნამახვანი” და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს
“ვეცდებით, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ,,ნამახვანი” და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ხალხთან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი და შეხვედრების გამართვა.
„ვეცდებით ყველანაირად, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენ მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას. პრემიერმინისტრმა მკაფიო დავალება მოგვცა, რომ აღმოვფხვრათ კომუნიკაციის ნაკლებობა და მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვეცდებით, გავითვალისწინოთ ის, რაც იქნება რაციონალური. ყოველთვის არის პლატფორმა დიალოგისთვის, ამიტომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.