„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონპროექტის პრეზენტაცია 5 მარტს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის „საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ მხარდაჭერით, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზენტაცია 5 მარტს გაიმართება.

უწყების ცნობით, მოწვეულ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი მიმართავენ. პრეზენტაციაში მონაწილეობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ინვესტორთა საბჭოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ.

„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალ კანონს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 2021 წლის განმავლობაში დაამტკიცებს. ახალი კანონი 1994 წელს მიღებულ, დღეს მოქმედ კანონს ჩაანაცვლებს.

კანონპროექტის მიზანი ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნათა შესრულებაა.

თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული ახალი კანონი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად შემუშავდა. იგი მიზნად არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა საკორპორაციო ურთიერთობების დეტალურ მოწესრიგებასა და სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, ამ სფეროში გამჭვირვალობის გაზრდას ისახავს.

პრეზენტაციაში მონაწილეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები