რა აკავშირებთ რუსულ სპეცსამსახურებს ნავალნისა და კარა-მურზას მოწამვლასთან

The Insider-ისა  (რუსეთი) და Der Spiegel -ის (გერმანია) ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლის საქმეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მონაწილეობდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ორივე გამომცემლობამ გაარკვია, რომ ეფესბე-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტში საიდუმლო დანაყოფი არსებობს, რომლის წევრებიც სამედიცინო და ქიმიური იარაღის შესახებ სპეციალურ წვრთნებს გადიან. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ ამ საიდუმლო დანაყოფის წევრები უთვალთვალებდნენ რუს ოპოზიციონერსა და პუტინის პირად პატიმარს, ალექსენი ნავალნის. მეტიც, ნავალნის მოწამვლამდე რამდენიმე საათით ადრე მასთან ახლოს იმყოფებოდნენ. საინტერესოა, რომ ეფესბე-ს ამ საიდუმლო დანაყოფის წევრები მუდმივ კომუნიკაციაში არიან რუსეთის ქიმიური იარაღის წარმოების პროგრამასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ცენტრ „სიგნალთან“.

ამ კავშირების აღმოჩენის შემდეგ, The Insider-მა და Der Spiegel-მა გადაწყვიტეს, კრემლის კიდევ ერთი კრიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლის ორი შემთხვევაც გამოეძიებინათ.

2015 წლის მაისაიდან 2017 წლის თებერვლამდე კარა-მურზას მოწამვლა ორჯერ სცადეს. ორივე შემთხვევაში მას სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები გაეთიშა და კომაში ჩავარდა. რუსეთის სახელმწიფომ მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა. თუმცა, რუსული საავამდყოფოს ორი დასკვნა და სამი საერთაშორისო კომისია ამტკიცებს, რომ კარა-მურზას ორგანიზმში „გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის“ ნიშნები აღმოაჩინეს. ჟურნალისტურმა გამოძიებამ სამგზავრო ინფორმაციაზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ ამ ინციდენტების წინ კარა-მურზას ეფესბე-ს აგენტები კუდში დაჰყვებოდნენ.

ასევე, ირკვევა, რომ ეფესბე-ს ერთ-ერთი თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის  მარშრუტი კარა-მურზას მარშრუტს საეჭვოდ ემთხვევა. გამომცემლობები აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანი 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის მოწამვლასთანაც იყო დაკავშირებული.

ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ კარა-მურზას პირველი მოწამვლისას, 2015 წლის მაისში ეფესბე-ს რიგით წევრებს „კონსტიტუტიციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის“ დეპარტამენტიდან მაღალი თანამდებობის პირი, რომან მეზენცევიც თან ახლდათ. ოფიცერი სხვადასხვა დროს პუტინის ყოფილ მრჩეველ ვლადისლავ სურკოვთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. სურკოვს ოფიციალური მოსკოვის იდეოლოგად და „რუხ კარდინალადაც“ კი მოიხსენიებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ მისი გავლით იღებდა მეზენცევი დირექტივებს პირდაპირ პრეზიდენტ პუტინისგან.

ნავალნისა და კარა-მურზას შემთხვევების მსგავსება, ასევე, ეფესბე-ს როლი მოწამვლის საქმეებში კიდევ ერთხელ აშიშვლებს თანამედროვე რუსეთის ნამდვილ სახეს. პუტინმა სახელმწიფო დიდი ხანია, სრულად დაიმორჩილა, „სადამსჯელო მანქანად“ გადააქცია და მის „გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში“ ხვდება ყველა, ვინც პრეზიდენტის გაკრიტიკებას გაბედავს. „იმპერატორის“ მსხვერპლთა გრძელი სია ამის ნათელი დადასტურებაა.

ლევან აბრამიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები