„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთი ტელეფონით ფაშინიანს ელაპარაკება, მეორეთი – სარქისიანს“ – ზაალ კასრელიშვილი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე

“რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთი ტელეფონით ფაშინიანს ელაპარაკება, მეორით კი – სარქისიანს”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კასრელიშვილი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„ვფიქრობთ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთი ტელეფონით ელაპარკება ფაშინიანს, ეუბნება, რომ მას გადატრიალება არ აწყობს. ომის მთავრობის მოსვლა მართლა არ აწყობს იმიტომ, რომ რუსეთი იძულებული იქნება, თურქეთის წინააღმდეგ პირდაპირ ჩაერთოს ამ კონფლიქტში. მაშინ კი თურქეთი იძულებული იქნება – ცოცხალი ძალითაც ჩაერთოს. რუსეთს ამ კრიზისისა და სანქციების ფონზე კავკასიაში რუსეთ -თურქეთის ფრონტის გაშლა არაფრით აწყობს. რუსები მეორე ტელეფონით სარქისიანს ელაპარაკებიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ კორუფციის ბრალდებით გაგდებული ხელისუფლება, ყარაბაღული ჯგუფი სარქისიანის მეშვეობით პაშინიანის მოშორებას რუსეთთან შეუთანხმებლად ცდილობს. ნელ-ნელა საპროტესტო აქციები გაშალაშინდა. კონტურები გამოიკვეთა, ირკვევა, რომ ოპოზიცია, ძირითადად, ყარაბაღული კლანისაა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, სომხეთში ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ქვეყნის პრემიერის – ნიკოლ ფაშინიანის წინადადებას არ დათანხმდა.

“არ ვართ თანახმა, არჩევნები ჩავატაროთ, სანამ ხელისუფლებაში ფაშინიანი იმყოფება”, – თქვა ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა.
მისი თქმით, ფაშინიანის გადადგომის შემდეგ აუცილებელია დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
“ვნახეთ, რომ მან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, 15 ათასი ადამიანი რეგიონებიდან აქციაზე ჩამოიყვანა. დავინახეთ, როგორ ომობდა ის და არ გვსურს, ზუსტად ასე ჩაატაროს არჩევნები”, – თქვა პოლიტიკოსმა.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი 25 თებერვალს გამწვავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები