თენგიზ ცერცვაძე: ავირჩიოთ – თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე
ავირჩიოთ – თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია 200-ზე მეტი ქვეყნიდან 103-მა დაიწყო, უმეტესობამ – რუსული და ჩინური ვაქცინით და მხოლოდ მცირე ნაწილმა – ამერიკულ-გერმანული ვაქცინებით.
„ცხადია, მეც ძალიან შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, ვინაიდან გვაქვს კარგი შედეგები და ეს უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ სიმართლე ასეთია. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რადგან ის არც ნდობას იმსახურებს და თან პოლიტიკურად მიუღებელია – კარგიც რომ იყოს მაინც უარს იტყვის საქართველო, მაგრამ ჩინური ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით დიდი ხნის წინ ჩინური ვაქცინის შესაძენად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი იყო, ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა და რიგმა ექიმებმა გაგვაკრიტიკეს – მოვუსმინეთ და არ შემოგვაქვს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყეს. ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს და ჩვენ ვერ დავიწყეთ. სიმართლე ის არის, რომ მათ დაიწყეს ჩინური ვაქცინით. ახლა ავირჩიოთ – თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.