„ძვირფასი დრო იკარგება“ – სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ქმედითი ნაბიჯები გადადგას

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური დიალოგის” წარმომადგენელმა  – მარინა ფაღავამ, კონფლიქტოლოგმა – პაატა ზაქარეიშვილმა და აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ – ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პირდაპირი დიალოგი ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

„როგორ შეიქმნა ეს დოკუმენტი: არჩილ გეგეშიძეს ჰქონდა ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი, აგროვებდა იმ ხალხს, ვინც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე მუშაობს. სხვადასხვა თემაზე მსჯელობა მიმდინარეობდა. როცა ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა, ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ რატომ არ პასუხობს ჩვენი ხელისუფლება აფხაზურ მხარეს. ის ნელ-თბილი პასუხი არ იყო ქმედითი. ჩვენმა კოლეგამ, მარინა ელბაქიძემ წინადადება დააყენა, რომ განცხადება გაგვეკეთებინა. ჩვენ ვეცადეთ, არც ქართული და არც აფხაზური მხარისთვის კონფლიქტური, მგრძნობიარე სიტყვები არ ყოფილიყო. ჩემი აზრით, ტექსტში ამას მივაღწიეთ.

ვინაიდან ამ პროცესში ვართ 27 წელიწადია, ჩვენი მორალური მოვალეობაცაა, რომ ამ მომენტში ხელისუფლებას ვუბიძგოთ, რათა ამ მხრივ უფრო აქტიური პოლიტიკური ნება გაჩნდეს. როცა ამის შესახებ ვსაუბრობთ, ეს არის ხელისუფლებისადმი გაწვდილი მეგობრობის ხელი. ეს არ არის კრიტიკა. ვთვლით, რომ ახლა, ამ წუთას საქართველო კიდევ ერთ შანსს კარგავს. ძვირფასი დრო იკარგება“, – განაცხადა მარინა ფაღავამ.

მანვე აღნიშნა, რომ გასულ წელს სოხუმმა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა.

„ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი სივრცე, სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან. ორ თემას მინდა, შევეხო: შეხვედრიდან შეხვედრამდე ქართული დელეგაცია დევნილთა დაბრუნების საკითხს აყენებს. ცალკე პროცესია, რომ გაერო იღებს რეზოლუციას. შემდეგ ვიგებთ, რომ აფხაზური დელეგაცია ადგა და დატოვა დარბაზი, ჩაიშალა დიალოგი. ჩვეულებრივი მოქალაქის შეკითხვა მაქვს ამ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი ასეთი ტრავმულია, რატომ ვაყენებთ იმას, რაც ასე უშლის ხელს მოლაპარაკებებს? კონფლიქტის ტრანსფორმაცია რომ წარმოვიდგინოთ, როგორც გზა, დევნილთა დაბრუნების საკითხი ამ გზის ბოლო შლაგბაუმია. თუ რეალისტურად ვისაუბრებთ, იქამდე უამრავი თემაა გასავლელი. ერთი მხრივ,  ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და მეორე მხრივ ვსაუბრობთ, რომ დევნილები უნდა დავაბრუნოთ. სად ვაბრუნებთ დევნილებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე? გარდა ამისა, მეორე მესიჯი, რომელსაც ჟენევის შეხვედრების შემდეგ ვიღებთ, არის ის, რომ აფახაზები და ოსები რუსეთს უსმენენ. რუსეთი დესტრუქციულ როლს თამაშობს. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მაგრამ როდესაც რუსეთი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორია, როდესაც 1 წლის განმავლობაში საკვანძო პოლიტიკოსებისგან არის წინადადება დიალოგზე, ვგულისხმობ ასლან ბჟანიას, შამბას, ანქვაბს, ამაზე უცებ რატომ არ ვთანხმდებით? ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ რუსეთია ხელშემშლელი ფაქტორი, მე მგონი, საქართველოს უცბად, ქმედითად უნდა ეპასუხა ამაზე“, – განაცხადა ფაღავამ.

სამოქალაქო სექტორმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. თუმცა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.

გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: არჩილ გეგეშიძე, გიორგი კანაშვილი, ვახტანგ ჭარაია, იულია ხარაშვილი, მარინა ფაღავა, მიხეილ მირზიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ელიკო ბენდელიანი, ნინო კალანდარიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ანა ძიაპშიპა, მარინა ელბაქიძე, ვახტანგ ნოღაიდელი, ნათია ჭანკვეტაძე, ზაალ არქანია, შოთა შველიძე, არჩილ ელბაქიძე, ქეთი მურუსიძე, დათო ჯიშკარიანი, ალექსანდრე რუსეცკი, ალუ გამახარია, უჩა ნანუაშვილი, ქეთი აფთარაშვილი, ეკა ფირცხალავა, მერი გელაშვილი, იაგო ფასანძე, თამრიკო სარაჯიშვილი, რუსიკო მარშანია, სალომე ადამია, მარინა ფოჩხუა,ირაკლი ხვადაგიანი, მარგარიტა ახვლედიანი, დავით ფიფია, ნათია ნადირაძე, ელენე ნათენაძე,ივანე აბრამაშვილი, ლალი პერტენავა, მამუკა ყუფარაძე, ირაკლი ჩიხლაძე, ზვიად მჭედლიშვილი.

„ამ წერილზე ხელმომწერი ადამიანების უმრავლესობამ კარგად იცის, რა ხდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. თითქმის ყველამ ვიცით, რომ არანაირი პოლიტიკური და ის ურთიერთობები, რასაც აფხაზური მხარე ითხოვს, არ არის. შეიძლება, ჯანდაცვა კარგად მუშაობს, გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობებია, მაგრამ ეს ყველაფერი არაპოლიტიკური ფაქტორია. მარტო ჯანდაცვითა და ეკონომიკით წინ ვერ წავალთ.
ახლა მოვიდა ძველი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოცდილია. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მან ეს თემა იცის. ამ ფონზე ვფიქრობ, დროული იყო ამ განცხადების გაკეთება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები