ზვიად შალამბერიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდეს
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდეს”, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სააღმზრდელო პროცესი ახალაშენებულ ბაღში გაგრძელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო რეკომენდაციების დაცვით სასწავლო პროცესის განახლებას. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი და მაქსიმალური მონიტორინგი განახორციელონ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში.
,,დღეიდან აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო მთელ საქართველოში და, რა თქმა უნდა, იმერეთშიც, მათ შორის, სოფელ დიმში, სრულიად ახალაშენებულ ბაღში დაიწყეს ბავშვებმა სასწავლო პროცესი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ინფრასტრუქტურულად შევუქმნათ ბავშვებს კომფორტი, არამედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღებმა იმუშაონ ყველა რეგულაციის დაცვით, ყველა იმ პირობებით, რასაც გასცემს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. იმერეთის მასშტაბით 2020 წელს, ჩვენ დაახლოებით 100-მდე ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა განვახორციელეთ და ამ მიმართულებით სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ“, – ზვიად შალამბერიძე.
სოფელ დიმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე, დაწესებულება აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.
სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა.
აღნიშნული საბავშვო ბაღით მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს.
იმერეთის მასშტაბით 2020 წელს 100 – მდე სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა – რეაბილიტაცია განხორციელდა.
1 -ელი მარტიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა სკოლამდელი აღზრდის როგორც საჯარო, ისე – კერძო დაწესებულებებში, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.