მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის მიერ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ დასახულ გეგმებზე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, ხალხთაშორისი და ბიზნეს-წრეების კონტაქტების ჩათვლით. თავის მხრივ, ნიდერლანდების ელჩმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში მხარდაჭერის მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა. დიპლომატმა ისაუბრა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ასევე, აქცენტი გაკეთდა სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.