ნინო ბურჯანაძე: ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები
“ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები”, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას.
მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ოპოზიციურ პარტიას თავისი პარტიული ინტერესი მაღლა არ დაუყენებია.
„ძალიან ვწუხვარ ბატონი ქნირშის ამ განცხადების გამო, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები და კარგი იქნებოდა, რომ მოეწოდებინა ხელისუფლებისათვის, რომელმაც საკუთარი თავი დააყენა ქვეყანაზე მაღლა და ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ვითარება ლუდოვიკო მეთოთხმეტესავით – სახელმწიფო ეს მე ვარ. ძალიან მიკვირს, თუ ამას ბატონი ქნირში ვერ ხედავს, ეს ძალიან სამწუხაროა. ხოლო თუ ხედავს და არ ამბობს, არამედ მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისკენ იშვერს ხელს, ეს კიდევ სრულიად გაუგებარია. არცერთ ოპოზიციურ პარტიას თავისი პარტიული ინტერესი არ დაუყენებია მაღლა და თითოეული ჩვენგანი გარკვეულწილად დავზარალდით კიდეც იმ ერთობით, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე და შეიძლება ნაწილობრივ ახლაც ნარჩუნდება ეს დაზარალება. მაგრამ რას ვითხოვთ, ძალიან მაინტერესებს, ვადამდელ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს.
იქნება, ამაში ვარ დარწმუნებული, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ძალიან კარგად ვიცი და იცი, რა, ბატონ ქნირშსა და მის კოლეგებს თავის დროზე რომ მოეწოდებინათ და კატეგორიულად ეთქვათ, რომ გაყალბება ხელისუფლებას არ შერჩებოდა, შესაძლოა, საქმე აქამდე არ მისულიყო“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, საქართველოში აშკარაა საფრთხე, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.