სოზარ სუბარი: სააკაშვილი, თავისი თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თვითონ ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას სამართლიანმა სასამართლომ გამოუტანა
მიხეილ სააკაშვილი, თავისი თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თვითონ ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას სამართლიანმა სასამართლომ გამოუტანა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურისგან ნიკა მელიას ახლაც აქვს შეთავაზება, რომ თუკი ის გადაიხდის გირაოს, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვლება გირაოთი.
„ნიკა მელიას მანამდეც ჰქონდა შეფარდებული ბევრი შეღავათიანი შეთავაზება. გირაო ერთხელ, სამაჯური, ხელმეორედ გირაო. გირაო მას შემდეგ, რაც ცინიკურად დაარღვია სამაჯურის აღმკვეთი ღონისძიება. თუმცა, როდესაც მან ეს არ გადაიხადა, სახელმწიფო უბრალოდ მოვალე იყო, გამოსულიყო და მისი დაპატიმრება განეხორციელებინა. ახლაც არის შეთავაზება, რაც გულისხმობს, თუკი ის გადაიხდის გირაოს, რომელიც თავის დროზე ჰქონდა შეთავაზებული, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვლება გირაოთი. ამ შემთხვევაში, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ეს არ არის ვადით განსაზღვრული. როცა გადაიხდის, ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, თავისი თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თვითონ ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას სამართლიანმა სასამართლომ გამოუტანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.