როგორ ჩაიარა ღამემ ერევანში პარლამენტის შენობასთან – ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა ძალაშია

ერევანში ბაგრამიანის გამზირი, სადაც ქვეყნის პარლამენტის შენობა მდებარეობა, ბლოკირებული რჩება.

ოპოზიციურმა მოძრაობამ გამზირზე კარვები გაშალა და ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. პრემიერ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები 24 – საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც მედიას მოძრაობის ლიდერმა, ვაზგენ მანუკიანმა განუცხადა, “გვიანობამდე ვიყავი ადგილზე, პროვოკაციები არ ყოფილა, ყველაფერი ნორმალურად იყო”.

მისივე ინფორმაციით, დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება, როდის ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შექმნილ კრიზისზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, მანუკიანის თქმით, 13:00 საათზე ბაგრამიანის გამზირზე აქცია გაიმართება, რომლის შემდეგ ოპოზიცია ქალაქში მსვლელობას გამართავს.

“ხელისუფლება აგონიაში, საჭიროა, მოძრაობამ საერთოეროვნული ხასიათი მიიღოს, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებიდან ხალხი ჩამოვა. უნდა თუ არა, ფაშინაინი უნდა წავიდეს”, – თქვა პოლიტიკოსმა.

გენშტაბის განცხადების კომენტირებისას მანუკიანმა თქვა, რომ არ განიხილავს მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად და დასძინა – “ასეც რომ იყოს, წინააღმდეგი არ ვარ”.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ კი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში მსვლელობა გამართა, თუმცა, საღამოსკენ განაცხადა, რომ აქციას ამთავრებს და ოპოზიციას მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელოდება.

თავის მხრივ, აქცია ოპოზიციამაც გამართა და შემდგომ ბაგრამიანის გამზირზე გადაინაცვლა. პრემიერის წინადადების საპასუხოდ, ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მხოლოდ თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხის განსახილველად დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები