საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურის ბესარიონ აპლიას განცხადებას პასუხობს

საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურის ბესარიონ აპლიას მიერ რამდენიმე დღის გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომელიც ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან ითხოვს.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელდა:

„2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: – კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო.

სიცრუეზე დამყარებული განცხადების ავტორს უნდა შევახსენოთ:

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებულ კანონიკურ საზღვრებში თვითონ აგვარებენ ყველა საეკლესიო პრობლემას.

აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად. VIII საუკუნიდან აფხაზთა საკათოლიკოსო, XI საუკუნიდან სრულიად საქართველოს საპატრიარქო, XV საუკუნიდან ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა საკათოლიკოსო ჯერ ცენტრით ბიჭვინტაში, ხოლო XVI საუკუნიდან გელათში. იქნებ აგვიხსნას მამა ბესარიონმა, რატომ აღასრულებდნენ ქართულად წირვა-ლოცვებს ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათოლიკოსები, იოაკიმედან დაწყებული დოსითეოზით დამთავრებული?

იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით მოსახლეობა იყვნენ ქართველები და ქართველთა ნათესავი კავკასიელები: აბაშიძე, ჩხეტიძე, ლორთქიფანიძე, ქვარიანი, ერისთავი, ბაგრატიონი, წერეთელი და მოსახლეობა იყო ქართველი.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნეში, აფხაზეთის ეპარქიას ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ.

1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამბროსი. 1921-1993 წლებში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელები ყოველთვის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში.

თავდაპირველად ეპარქია, 300 000 კაცთან ერთად, დევნილი აღმოჩნდა თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან 1993 წლის ცნობილი მოვლენების დროს და 2008 წელამდე დევნილი სასულიერო პირები მხოლოდ კოდორის ხეობაში მსახურობდნენ, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ იქნენ გამოდევნილნი აფხაზეთის ტერიტორიიდან. რაც შეეხება პატრიარქ ტიხონის მიერ აფხაზეთში უკანონოდ გაგზავნილ ეპისკოპოსს, პატრიარქი ტიხონი არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა მისი პოზიციების შესუსტებას აფხაზეთში, მაგრამ პატრიარქ ტიხონს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არასდროს განუხილავს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში XX საუკუნეში ყოველთვის ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ და ეპარქია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, როგორც საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, დაადასტურა 1943 წლის ოქტომბერში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა, როდესაც სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თავის ისტორიულ საზღვრებში“ , – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები