დავით სერგეენკო – ნიკა მელიას საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, კანონიერ გზას უნდა მივყვეთ
“სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერაფრით ვერ შევაფასებ, კანონიერ გზას უნდა მივყვეთ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩასაფრება არ შეიძლება.
„ღრმად მწამს, რომ რაც უნდა პოლიტიკური თუ რაიმე სხვა სახის ინტერესები გქონდეს, არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასე ჩასაფრება. სასამართლოა, რაც არ უნდა თვლიდე, რომ არ არის შენთვის მისაღები გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერაფრით ვერ შევაფასებ, რატომ მიიღო ეს და ამას რა შეიძლება, მოჰყვეს. უბრალოდ, კანონიერ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო. ნიკა მელიას ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.