სუს-ი: დიდი ლიახვის ხეობაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე, დიდი ლიახვის ხეობაში რუსეთმა სამხედრო წვრთნები განაახლა.
როგორც ,,კვირას” სუს-ში განუცხადეს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.
,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს.
უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას.
ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, – აცხადებენ სუს-ში.