თეა ახვლედიანი: განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება
“საქართველოს მთავრობა, ჩვენ ქვეყნის მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განიხილავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობის განგრძობად ამაღლებას”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება.
“საქართველოს მთავრობა, ჩვენ ქვეყნის მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განიხილავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობის განგრძობად ამაღლებას. ამ მიმართულებით ხელისუფლების მიზნები ორიენტირებულია ერთიანი, სტაბილური, სამართლებრივი და მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცებაზე, რომლის თითოეული წევრი თანასწორია, ღირსეულად ცხოვრობს და სარგებლობს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, აქვს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და პირობები, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, ქვეყნის სიძლიერის წყაროდ და ფასეულობად განიხილება. ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა განიხილება სამ განზომილებაში: ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მდგრადი განვითარების მიზნების და საქართველოს ევროპული არჩევანის კონტექსტში. მის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დანერგილი არაერთხელ იყო განხილული საერთაშორისო შეფასებებში, როგორც საუკეთესო და უნიკალური პრაქტიკა. თუმცა, მიღწეულ ხელშესახებ პროგრესთან ერთად არის საკმაოდ ბევრი გამოწვევაც, რომელიც გამოიკვეთა როგორც მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დროს, ისე დამოუკიდებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეფასებებში. ეს იყო მიმართული როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ინფორმირების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის და სხვა მიმართულებით. მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ გამოწვევების დაძლევაზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე და ამ მიზნით მექანიზმების დანერგვაზე და ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის გავლენის შემცირებასა და აღმოფხვრაზე.
გრძელვადიანი, შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების უზრუნველსაყოფად და შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება:
1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად
2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა
3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა
4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია
5. კულტურათაშორისი დიალოგი
სამოქალაქო ინტეგრაცია დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია და მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, სათანადო მოტივაციასა და ძალისხმევას, ასევე პასუხისმგებლობების გაზიარებას. დასახული მიზნების მიღწევას მთავრობის ძალისხმევასთან ერთად საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ განზომილებაში ვხედავთ დასახული სტრატეგიული მიზნების განხორციელების ეფექტიანობას”,- განაცხადა ახვლედიანმა.