თეა ახვლედიანი: ჩვენ გვჯერა, რომ გაყოფილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში უკვე გადავდგით არაერთი პროაქტიული, კონსტრუქციული და ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობამდე მიგვეტანა კონკრეტული სარგებელი”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს პანდემიასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი დახმარება გაეწიათ.

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში უკვე გადავდგით არაერთი პროაქტიული, კონსტრუქციული და ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობამდე მიგვეტანა კონკრეტული სარგებელი და შეგვეთავაზებინა მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს პანდემიასთან საბრძოლველად გაეწიათ მნიშვნელოვანი დახმარება, რაც ამ დრომდე მიმდინარეობს და გაგრძელდება შექმნილი საჭიროებების შესაბამისად; ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში, ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს პირველად მიეცათ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება, ხარისხიან განათლებაზე წვდომის ფართე და მრავალმხრივი შესაძლებლობები, ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი”, რომელიც საერთაშორისო დონორების სახსრებით დააფინანსებს წარმოდგენილ ბიზნესპროექტებს.

ჩვენ გვჯერა, რომ გაყოფილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე.

უმთავრეს პრიორიტეტებად დარჩება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალების გაძლიერება, აქცენტის ახალგაზრდებზე მიმართვა, ვაჭრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე ადამიანების გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა, ისევე როგორც მათთვის ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებელის და პერსპექტივების გაზიარება”, განაცხადა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები