ალეკო ელისაშვილი: ჩვენ ამ გუნდის, განსაკუთრებით კი, ღარიბაშვილის მხარდაჭერას არ ვაპირებთ

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი ფრაქცია პრემიერმინისტრის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრთა ახალი კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს.

„ცქიტიშვილის წასვლა მოულოდნელი იყო. რას უკავშირდება, არ ვიცი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს არ დავსწრებივარ, მაგრამ მოულოდნელი იყო, სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმენდით პარლამენტში მის ანგარიშს და წამსვლელის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. მის შემცვლელ ქარსელაძეზე საშინელი წარმოდგენა მაქვს. ჯერ კიდევ საკრებულოში საქმიანობის დროიდან ვიცნობ და ის იყო „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი მშენებელი. ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს ამ ადამიანსა და მის მენეჯერულ უნარებზე.

თავდაცვის მინისტრად ვინც წარადგინეს, უბრალოდ, არც ვიცი, ეს კაცი ვინ არის. შესაბამისად, ვერც კარგს ვიტყვი და ვერც – ცუდს. აქ მთავარი არის პრემიერ-მინისტრიბის კანდიდატი ღარიბაშვილი, რომელიც გამოირჩევა თავისი კონფრონტაციულობით, თავისი რადიკალიზმით, ოპოზიციის მოძულეობითა და სიძულვილის ენით. ვითარებაში, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია ადამიანი, რომელსაც სულ მუშტის ბრახუნი უნდა, რომელსაც ოპოზიცია ბიოლოგიურად სძულს. არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. შესაბამისად, ჩვენ ამ გუნდის და განსაკუთრებით კი, ღარიბაშვილის მხარდაჭერას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დაასახელა. მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანმადებობა დატოვა, მისი შემცვლელი ირაკლი ქარსელაძე იქნება. ამასთან, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები