გია ბარამიძე: როდესაც პრემიერის თანამდებობაზე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილია ღარიბაშვილი, ძნელია დიალოგზე სერიოზული ლაპარაკი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც პრემიერის თანამდებობაზე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილია ირაკლი ღარიბაშვილი, ძალიან ძნელია რაიმე დიალოგზე სერიოზული ლაპარაკი.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებდა, როგორც მტერს.
„ვითარებაში, როცა ამ გავრილოვების გუნდმა დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე მოძულე ადამიანი და ყველაზე ზიზღით სავსე ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელიც თავდაცვის მინისტრობისას რუსეთს როგორც ოკუპანტად არ მოიხსენიებდა და ფაქტობრივად, მტრად არ მოიხსენიებდა და თავდაცვის მინისტრი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებდა როგორც მტერს, ძალიან ძნელია, ამ წუთას რაიმე დიალოგზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. ნათელია, რომ ეს ადამიანი იმიტომ შეარჩია ივანიშვილმა ამ თანამდებობაზე, რომ რვა წელიწადი, რაც მათ ვერ მოახერხეს, რომ გაანადგურონ „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა მაინც გაანადგურონ და დაასამარონ. ეს სრულიად აბსურდული ბოდვითი იდეაა, როგორც იმთავითვე, რაც ღიად განაცხადა ივანიშვილმა, იმთავითვე იყო ბოდვითი იდეა. ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი და რამდენიმე ლიდერი, ეს არის ერთიანი ძლიერი საქართველოს იდეა და მას ვერ გაანადგურებ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებ ქართველ ხალხს და ხალხში ამ იდეის სიყვარულს. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა მივიდნენ აქამდე, რომ ზიზღის პოლიტიკაზე უარი თქვან. ვინმეს განადგურების, იმ ოპოზიციის, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს და ეს გამოჩნდა თუნდაც იმ გაყალბებულ არჩევნებზე იმ 52%-იანი რეზულტატით. ისინი გონს უნდა მოეგონ და ვიდრე გონს მოეგებიან, ჩვენ ვიქნებით აქ და ჩვენ ვიქნებით სწორედაც მობილიზებულები მშვიდობიანად, უიარაღოდ, მაგრამ ცოცხალ ფარად ამ რეჟიმსა და ნიკა მელიას შორის. მივცემთ საშუალებას, რომ დრო კიდევ ჰქონდეთ, რომ იქნებ, მათ ტვინებში რაღაცა ნაცრისფერმა ნივთიერებამ იმუშაოს, გააცნობიერონ მათი პასუხისმგებლობა, რომ ასე ვერავის გაანადგურებენ, რომ ასე უფრო მეტად დაამძიმებენ საკუთარი თავის პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ აქ მშვიდობიანად, რაც შეეხება აგრესიას, ჩვენ არსად არ მივდივართ და არავის თავს არ ვესხმით. ისინი იყვნენ მომზადებული და მობილიზებულები გუშინ აქ, სასწრაფოებიც რომ მოიყვანეს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.