რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება – გახარიას საგანგებო განცხადება

გიორგი გახარია გადადგომის მიზეზს განმარტავს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე მან განაცხადა, მისი გადაწყვეტილება პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემდა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია.

მაშინ, როდესაც ყველა ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და, რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ შეიქმნება ესკალაციის არანაირის საბაბი. ამიტომ, იქედან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან.
მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები