მიხეილ სარჯველაძე – მელიას საქმეზე: ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის მოთხოვნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მოთხოვნა ნიკა მელიასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც სარჯველაძემ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ეს იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესებისა, რასაც თვითონ ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს.

“მე ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის მოთხოვნა. ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა და გაგრძელება იმ პროცესის, რასაც თვითონ დგამს ბატონი ნიკანორ მელია და “ნაციონალური მოძრაობა” და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. ეს ლოგიკაში ჯდება. ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ, პრაქტიკულად, ყველა ალტერნატივა რომელიც შეიძლება პატიმრობის ალტერნატივა ყოფილიყო, ყველა იქნა გამოყენებული. ვერ ნახავთ სისხლის სამართლის საპროცესო კანონში ვერცერთ სხვა შესაძლებლობას, რომელიც არ არის ამ შემთხვევაში გამოყენებული და რომელზეც თვითნებურად და აბსოლუტურად დემონსტრაციულად არ დაუპირისპირდა თავად ნიკანორ მელია და “ნაციონალური მოძრაობა”. შესაბამისად, მათი გეგმაა და სურვილი, რომ აქეთ წაიყვანონ პროცესი, როდესაც პრაქტიკულად სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რასაც ჰქვია რომ პატიმრობა იქნას შეფარდებული, რეალურად დატოვებულ არ არის. ეს უშუალოდ არის, ბატონი ნიკანორ მელიას გადაწყვეტილებების საფუძველზე”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები