ზვიად შალამბერიძე: რეგიონში სოფლის განვითარების პროექტები 2021 წელსაც გაგრძელდება

“რეგიონში სოფლის განვითარების პროექტები 2021 წელსაც გაგრძელდება”, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში, სასოფლო- სამეურნეო და გარემოს დაცვის მიმართულებით 2021 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სოფლის რწმუნებულების ინსტიტუტების გაძლიერება ინფორმაციული თვალსაზრისით და მათი ჩართულობა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისეთივე ეფექტურად ის პროექტები, როგორც აქამდე იყო. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ბოლო წლებში ხორციელდებოდა უნდა გაგრძელდეს 2021 წელსაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მიმართულება. ის პროექტები, რომელთაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სწორედ რწმუნებულების საშუალებით უნდა მივიტანოთ თითოეულ გლეხამდე, რომ მათ იგრძნონ ის სიკეთე და ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტებით“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოტენციალსა და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე. ასევე, იმსჯელეს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის რწმუნებულების ჩართულობაზე.

,,აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ვიწყებთ ბევრად უფრო ადრე, ამიტომ ჩართული იქნება ამ სეგმენტში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა ისე სოფლის რწმუნებულები. ბუნებრივია მთლიანად იმერეთის რეგიონს ფარავს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბიც. გარდა ამ კონკრეტული აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლისა განხილული იქნა მიმდინარე საკითხები, რომელიც აქტუალურია, როგორც რეგიონისთვის ისე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ძალზე ნიშანდობლივია ის, რომ ისევე როგორც სხვა რეგიონებში ამ რეგიონში 2020 წელი იყო წარმატებული სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. აქაც ჩვენ ამოცანა გვაქვს, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ, უფრო მეტი უკეთესი პარამეტრები გვქონდეს, როგორც ადგილობრივი წარმოების ისე ექსპორტის თვალსაზრისით“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

იმერეთის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ბესიკ გოფოძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი – ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები