უფლებადამცველები ,,კვირას“ ჟურნალისტებზე ხულიგნურ თავდასხმას გმობენ
გუშინ საღამოს მედიაჰოლდინგ ,,კვირას“ ჟურნალისტების ცემის ფაქტს გამოეხმაურნენ უფლებადამცველები, რომლებიც სასტიკად გმობენ მომხდარ დანაშაულს:
ხათუნა გრიგალაშვილი, უფლებადამცველი, ,,ქართველი ადვოკატები ადამიანთა უფლებებისთვის“ დამფუძნებელი:
– ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, მათთვის აპარატურის დამსხვრევა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად ისჯება. საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლში შავით თეთრზე წერია: ,, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით – ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით – ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“
თუმცა, ,,კვირას” ჟურნალისტებს არა მხოლოდ ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, არამედ მთვრალმა მოქალაქეებმა ფიზიკურად იძალადეს კიდეც მათზე, რაც ისჯება სისხლის სამართლის 239-ე მუხლით, ხულიგნობის კვალიფიკაციით: ,,ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.“ წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაბედოს ვინმემ თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, თავს დაესხას ჟურნალისტს, დაუმსხვრიოს კამერა და ფიზიკური ზიანი მიაყენოს მას სრულიად უმიზეზოდ. დამნაშავემ იცის, რომ ჟურნალისტს აქვს ძალიან ფართო ტრიბუნა, ზემოქმედებისა და ინფორმირების საშუალება აუდიტორიაზე და როდესაც ამ პროფესიის ადამიანებიც კი ასე დაუცველები არიან, რიგით მოქალაქეს რისი იმედი უნდა ჰქონდეს? მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ საქმე და მკაცრად დასაჯონ დამნაშავეები, რომ საზოგადოებას სამართლიანობის, ადამიანებს კი დაცულობის განცდა დაუბრუნდეთ.
გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის წევრი:
–,,კვირას“ ჟურნალისტებზე თავდასხმისას იკვეთება ხულიგნობის ნიშნები, მით უფრო, რომ სრულიად გაუგებარია თავდასხმის მიზეზი. ჟურნალისტიკა არის განსაკუთრებული პროფესია, რომელიც შეიცავს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის კომპონენტს. ყველგან, მთელს მსოფლიოში ჟურნალისტს საზოგადოება საკუთარი ინფორმირებულობის ამოცანას უყენებს. ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა ნებისმიერ ქვეყანაში ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რადგან ჟურნალისტური საქმიანობის შედეგი პირდაპირ საზოგადოებაზე აისახება. ნებისმიერ ქვეყანაში საომარი მოქმედებების დროსაც კი თანხმდებიან, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია. თუ სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ, ამისათვის ინფორმირებული საზოგადოება უნდა გვყავდეს, ეს კი ჟურნალისტური კორპუსის საქმეა. ამიტომაა ჟურნალისტის პროფესია გამორჩეული, რომელიც რისკ ფაქტორებსაც შეიცავს, მაგრამ მათი შრომის შედეგი საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ,,კვირას“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი მკაცრად უნდა დაისაჯოს და სასამართლომ დამნაშავეებს აღმკვეთი ღონისძიების სახით საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმოს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აღიკვეთოს ჟურნალისტებზე ძალადობა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი, საზოგადოება ზარალდება”.