მაია ბითაძე: ნიკა მელიას აქვს საშუალება, როგორც დღეს, ასევე ხვალ, გირაო გადაიხადოს და წყნარად გააგრძელოს საქმიანობა
“ნიკა მელიას აქვს იმის საშუალება, როგორც დღეს, ასევე ხვალ გირაო გადაიხადოს და მშვიდად, წყნარად გააგრძელოს საქმიანობა – მანამდე, სანამ საქმე საბოლოოდ არ იქნება გამოძიებული”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს.
მისივე თქმით, აღნიშნული თემით აჟიტირება არასწორია.
“ნიკა მელიას აქვს იმის საშუალება, როგორც დღეს, ასევე ხვალ გირაო გადაიხადოს და მშვიდად, წყნარად გააგრძელოს საქმიანობა – მანამდე, სანამ საქმე საბოლოოდ არ იქნება გამოძიებული. შევახსენებ საზოგადოებას, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ბრალი ჯერ არ დამდგარა, სამაჯური არის აღკვეთის ღონისძიების რბილი ფორმა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვისმენთ შეძახილებს სახელმწიფოს რევოლუციური გზით გადატრიალების თაობაზე, აქ არანორმალური, ექსტრაორდინალური არ ხდება. არანორმალურია ის, რომ ხდება საკითხის აჟიტირება და როგორც ჟურნალისტებს, ასევე მოსახლეობას შევახსენებ, რომ საქართველოში დაახლოებით 500-მდე ადამიანია, რომლის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია სამაჯური”, – განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.