„ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის Შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია გარე ფასადს უტარდება, შეიცვლება ნაგებობის სახურავიც. მომდევნო ეტაპი შიდა სარემონტო სამუშაოებია.
კომპანიის სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ისტორიულ შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება.
„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომ ამ შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება. ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის და მალე ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდების ხელშეწყობაში დიდ როლს შეასრულებს.
დავაანონსეთ კიდეც, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ შენობაში დაიწყებს მუშაობას, პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს და საზოგადოებას მისი ახალი ფუნქციონალისა და შინაარსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის, სამუზეუმო სივრცეების, ტრენინგდარბაზის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრისა თუ სხვა მიმართულებების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ჰქონდეს ჯანსაღი და ადაპტირებული გარემო, ამიტომ, „ჯორჯიან მანგანეზი“ მას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
ამასთან, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაა, წლებია, არ გარემონტებულა.
აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს მონაპოვარს. ეს ნაგებობაც ჩვენი ისტორიის კუთვნილებაა, ის ნებისმიერი ჭიათურელისთვის ძვირფასია და მისი მოვლა-პატრონობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ შენარჩუნდეს მისი იერსახე“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.