მეუფე ნიკოლოზი: ქრისტემ მიუტევა ცოდვა პეტრეს და მამები ამბობენ, რომ პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს – უღალატეს უფალს
“ქრისტემ მიუტევა ცოდვა პეტრეს და მამები ამბობენ, რომ პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს – უღალატეს უფალს”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი მზად არის პატიებისთვის.
„სხვათა შორის, იესო ქრისტე იყო მზად იმისათვის, რომ იუდასთვის მიეტევებინა ცოდვა. ქრისტემ მიუტევა ცოდვა პეტრეს და მამები ამბობენ, რომ პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს. უღალატეს უფალს. იმან შიშით უღალატა, ამან – ვერცხლის მოყვარებით, მაგრამ ღალატი ღალატია. პეტრე მოვიდა და შეინანა და აპატია უფალმა, იუდა რომ მოსულიყო და შეენანებინა, მასაც აპატიებდა. აი, პატრიარქი მზად არის პატიებისთვის. აქ მეორე მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი – მეუფე პეტრემ არა მხოლოდ პატრიარქს, არამედ მთელს ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა და ყველას, მათ შორის, მღვდელმთავრებსაც. მე ვეცდები, რომ უფროსი ძმის როლში არ გამოვიდე. ეს არის სახარებისეული იგავი – კი, დაბრუნდა უძღები შვილი და მამამ კი მიიღო, მაგრამ უფროსი ძმა ძალიან გაბრაზდა. როგორ, ის როგორ ცუდად მოიქცა და როგორ მიიღეო? ჰოდა, ჩვენ ვეცდებით, უფროსი ძმის როლებში არ ვიყოთ. ძალიან ძნელი კი იქნება“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა: „მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს“.