ელენე ხოშტარია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სახელზე განცხადება შეიტანა.

ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით შექმნილი პრობლემების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმიუწვდომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მსჯელობაც კი არ მიმდინარეობს.

„არის ერთ-ერთი თემა პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად გამორჩენილია დისკუსიიდან, ამაზე მსჯელობაც კი არ მიდის. ეს არის უმწვავესი საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გადმოდიან საოკუპაციო ხაზზე, რადგან რეგულაციების მიხედვით მათ უხდებათ 5 დღე კარანტინში წასვლა. ეს არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული რეგულაცია, რაც პოლიტიკურად არასწორია, მაგრამ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ერთი საათი, რომ დასჭირდეს წამალზე გადმოსვლა ან პროდუქტზე 5 დღე კარანტინში უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გადმოდიან იქიდან და ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ მათ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ იქ ვერ ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, მაგრამ მოსაფიქრებელია სხვა მექანიზმი, მაგალითად სწრაფი ტესტები. ასევე არის მეორე თემა – სტატისტიკის აღრიცხვა, რომელშიც არ არის მოხვედრილი ოკუპირებული ტერიტორიები გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვაღიარებთ და არ არის ეს ჩვენი ტერიტორია, უნდა გაკეთდეს მითითება, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული“, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები