ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის (TFV) დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გადადგომას ფონდი სპეციალური განცხადებით ეხმაურება”,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადადგომის მიზეზი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევაა.

“როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, გოჩა ლორთქიფანიძე დირექტორატის წევრის რანგში ფონდის მანდატის – კომპენსაციისა და დახმარების პროგრამების ეფექტურად და სწრაფად განსახორციელებლად არაერთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ალ მაჰდის საქმეზე მან მონაწილეობა მიიღო ინდივიდუალური კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით 662 ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებაში.

გაწეული საქმიანობისათვის გოჩა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამა კოტე დუმბიამ. „ICC-ის მოსამართლედ არჩევა და მოსამართლის თანამდებობა მისთვის პრივილეგია და შესაძლებლობაა, გააგრძელოს ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ და კანონის უზენაესობის განხორციელებისთვის. ჩვენ ველით, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობაზე, ასევე, ყველაფერს გააკეთებს, რათა მსხვერპლთა პრობლემები… კვლავ დარჩეს რომის წესდების სისტემის ყურადღების ცენტრში“, – აცხადებს TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

გოჩა ლორთქიფანიძეს მოსამართლედ არჩევას ულოცავს TFV-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ დე ბაანიც. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფასებს ფონდის საქმიანობაში გოჩა ლორთქიფანიძის ჩართულობას, გამჭრიახ ხელმძღვანელობას და რეკომენდაციებს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივი იყო დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრობა: „ჩვენ თავდადებით ვმუშაობდით მსხვერპლთა დასახმარებლად და მათი ინტერესებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახალი თანამდებობა განაპირობებს [დირექტორატის წევრობიდან] გადადგომას, აქ შეძენილი დიდი გამოცდილება დამეხმარება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებაში“.

გოჩა ლორთქიფანიძე TFV-ის საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში სამი წლის ვადით 123 სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერით აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც TFV-ის დირექტორატში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს საქართველოდან არჩეული კანდიდატი წარმოადგენდა. გოჩა ლორთქიფანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის პროგრამის დაწყება. პროექტი 600 000 ევროს მოცულობისაა და 3 წელს გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მკურნალობას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დაზარალებულთა ფონდის მიერ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან კონსულტაციების შემდეგ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები