მამუკა არეშიძე: აფხაზეთის რკინიგზის გახსნას საქართველოსთვის იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ჩვენი ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებს რუსეთისგან

მიმდინარე კვირას კვლავ გააქტიურდა აფხაზეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა განცხადებით, რომ ე.წ. რესპუბლიკა მზად არის, მიიღოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობა ე.წ. რესპუბლიკის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნაში. ,,კვირა“ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა:

-აფხაზი პოლიტიკოსები მორიგჯერ ალაპარაკდნენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. რამდენად რეალურია კავკასიაში განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე თემის აქტუალიზაცია?

-აფხაზებმა და რუსებმა შესაძლოა, ისაუბრონ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, რამდენიც უნდათ, საქართველოს თანხმობის გარეშე ეს საუბრები აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თუმცა, რასაკვირველია, ჩაკეტილი გზა და პოლიტიკური ჩიხი არცერთი ქვეყნისთვის ხელსაყრელი არ შეიძლება, იყოს.

-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რამდენად ხელსაყრელი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკურად?

-ყველაფერს გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა შევხედოთ. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე უნდა ვიფიქროთ ახალი რეალობის გათვალისწინებით. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ალტერნატივა გამოუჩნდა სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთზე გამავალი მაგისტრალის სახით, რომელსაც არამხოლოდ ნავთობსადენის, სატრანსპორტო ფუნქციაც დაეკისრება. აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას საქართველოსთვის ერთადერთი აზრი მაშინ ექნება, თუ სანაცვლოდ მივიღებთ სოლიდურ პოლიტიკურ დივიდენდს.

-რა მოთხოვნები იქნება მოლაპარაკებათა პროცესში ყველაზე ხელსაყრელი ჩვენი ქვეყნისთვის?

-მაგალითად, ბორდერიზაციის საკითხი, საქართველოს მოქალაქეების დაკავების პროცესის აღკვეთა საზღვრისპირა რეგიონებში, მთელი რიგი პოლიტიკური დივიდენდები და ასე შემდეგ.

-ტექნიკურად და მატერიალურად რამდენად შესაძლებელია წლების განმავლობაში უფუნქციო რკინიგზის აღდგენა და რამდენად მომგებიანი იქნება ის როგორც რუსეთის, ისე – საქართველოსა და არაღიარებული აფხაზეთისთვის?

-2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსული საბრძოლო ტექნიკა და რამდენიმე პოლკი ოჩამჩირეში სწორედ ამ სარკინიგზო მაგისტრალით შემოვიდა. ასე რომ, რკინიგზის ეს მონაკვეთი არ არის საგრძნობლად დაზიანებული და არცთუ დიდი დანახარჯი იქნება საჭირო მის აღსადგენად, თუკი ამის პოლიტიკურ ნებას საქართველო გამოთქვამს. ჩვენი მხრიდან აღსადგენი იქნება ზუგდიდი-რუხის დამაკავშირებელი დანგრეული ხიდი. მთავარი კი აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შემთხვევაში მაინც ის იქნება, რამდენად უღირს საქართველოს ამ გზის აღდგენა და რამდენად სოლიდურ პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებს ის რუსეთიდან ამ შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები