ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს

“საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დაანონსებულია, რომ თებერვლის ბოლოსთვის საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს მიიღებს, რაზეც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება.

„ასტრაზენეკას” ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება. მათ იციან ჩვენი საჭიროებები. ეს არის ვაქცინის 3600-მდე დოზა და ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისა და კოვაქსპლატფორმიდან მოხდება ამ საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის.

დღეისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით კიდევ 150 000 ვაქცინა. თქვენ იცით, რამდენად დეფიციტურია ზოგადად ბაზარზე ვაქცინა და ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რათა სანდოობა იყოს მაღალი. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, კოვაქსპლატფორმის პირობებში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ მოწოდებას უზრუნველყოფს თვითონ კოვაქსპლატფორმა. შესაბამისად, ავიაკომპანიაზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მოწოდების წყარო, რადგან ვიცით, თუ რამდენად რთულია „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები