კახა კუჭავა – ევროკომისიის ანგარიშზე: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციისთვის კონსტრუქციულობისკენ მოწოდება, რომ შევიდნენ და საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ
“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციისთვის კონსტრუქციულობისკენ მოწოდება, რომ შევიდნენ და საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიშში ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, დადებითად არის შეფასებული.
„არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების შესრულება, არამედ ზოგადად ის მიმდინარე პროგრესი, რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, დადებითად არის შეფასებული. ანგარიშში ყველა სექტორი მიმოხილულია. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციისთვის კონსტრუქციულობისკენ მოწოდება, რომ შევიდნენ და საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ – იმუშაონ. ასევე, ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება, რაც ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა.