200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება
“200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.
“საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.
ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის პირობებს, მაგრამ მათზე განაცხადების წარდგენა ვერ განხორციელდა, დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის, (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან
https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx
მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.
დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159; https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.